თსუ–ს შესახებ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის და მის თანამოაზრეთა ჯგუფის თაოსნობითა და უდიდესი ძალისხმევით. იგი პირველი და ერთადერთი იყო იმ დროს მთელს კავკასიაში.

უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს – საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მოსახსენიებელ დღეს. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი.

No comments:

Post a Comment